ყველაფერი საინტერესო

Wednesday, January 30, 2013

გერგეტი

გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).
გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი. აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“.

ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ

Saturday, April 2, 2011

ლიმონი


     მას ორი სამშობლო აქვს – რომი და საბერძნეთი, სადაც იგი საქორწინო ლხინის სიმბოლოდ აღიარეს. მიუხედავად ასეთი პატივისა, მსოფლიომ ის მაინც ჩინური სახელით გაიცნო. ჩინელები მას “ლი-მუნგს” უწოდებენ, რაც ნიშნავს: “სასარგებლოა დედისთვის”.
  დედებისთვის (ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის) სასარგებლო მცენარე ლიმონია, რომელიც მართლაც რომ სავსეა ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით, რომლებიც სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.
   არც ერთ ხილში არ არის იმდენი ციტრინი, რამდენიც ლიმონში. ეს ნივთიერება ასკორბინის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ელასტიკურობას სძენს მათ და, რაც მთავარია, ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილეობს. ასეთივე მოქმედება, თუმცა ნაკლები ხარისხით, ახასიათებს ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს.
   ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონის მჟავათი, შაქრებით (გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით), C, A, B და D ვიტამინებით, ეთერზეთებით.
    სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. ქერქში უხვად არის ციტრინიც. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით.
   ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.
    ლიმონი სასარგებლოა ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზის ვირუსული პათოლოგიების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. ეს ციტრუსი ასევე ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
    ავიტამინოზის დროს, სასურველია, დალიოთ ლიმონის ახალგამოწურული, გაუზავებელი წვენი. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ დაამატოთ მხოლოდ თაფლი.
    ეფექტიანია ლიმონის ნაყენიც, რომელიც ასე მზადდება: ნახევარ ჭიქა დაქუცმაცებულ წიწვებს დაასხით 600 გ ცივი წყალი, ჩააწურეთ ერთი ლიმონი და ორი დღით სიბნელეში დადგით, ჭურჭელი დროდადრო შეანჯღრიეთ ან ნაყენს მოურიეთ. ეს ვიტამინებით სავსე სასმელი, სასურველია, დღეში 200 გ მიიღოთ.
    ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ ერთი ჭიქა ლიმონის წვენი 1 ჩ.კ. თაფლითა და 2-3 ცალი ნიგვზით.
    ასევე: 2-4 ლიმონი 400 გ ნიორთან ერთად დაკეპეთ და 15-20 დღით დააყენეთ სიბნელეში. მიიღეთ თითო ჩ.კ. ერთ ჭიქა ანადუღარ წყალთან ერთად (გახსენით წყალში ან დააყოლეთ) ძილის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.
    გაციების დროს: ლიმონი წვრილად დაკეპეთ, უხვად დააყარეთ შაქარი და წუწნეთ. ეს საშუალება მეტად ეფექტიანია ყელის ტკივილისა და მაღალი სიცხის დროს.
    ანგინის დროს შეგიძლიათ, ნახევარი ლიმონის წვენი განაზავოთ იმავე მოცულობის წყლით და ყელში გამოივლოთ.
მაღალი ტემპერატურის დროს და გრიპის პროფილაქტიკის მიზნით ლიმონი დამდუღრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 100 გ კარაქი, 1-2 ს.კ. თაფლი და ისე მიირთვით.
    მადის მოსამატებლად  დალიეთ სუფთა ან ცოტაოდენ წყალში განზავებული ლიმონის წვენი. ასეთივე ეფექტი აქვს ლიმონის ქერქის ნაყენს, რომელიც ასე მზადდება: 100 გ გამომშრალ და დაქუცმაცებულ ცედრას დაასხით 1 ლიტრი არაყი, 3 კვირით დადგით სიბნელეში, პერიოდულად შეანჯღრიეთ, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე.
   გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს კარგი იქნება, თუ დღეში სამჯერ კანიანად მიირთმევთ ნახევარ ლიმონს. ასევე: 10 ლიმონის გამონაწურს დაამატეთ 1 ლ თაფლი და დაასხით 10 თავი ნივრის წვენი. კარგად აურიეთ და ერთი კვირით დააყენეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. მიღებული მასა ორ თანაბარ ნაწილად გაყავით, გაანაწილეთ ორ თვეზე და მიიღეთ ყოველდღიურად მცირე ულუფებით.
  კბილის ტკივილს აცხრობს ლიმონის წვენის სავლები. ღრძილების გასამაგრებლად  რეკომენდებულია მათი გახეხვა ლიმონის ქერქით. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში კი ასეთი ნარევი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ლიმონის წვენი და თაფლი, მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში ერთხელ. სტომატიტის დროს მეტად ეფექტიანია ასეთი საშუალება: თითო სადილის კოვზ ლიმონის წვენსა და თაფლს დაასხით 200 გ წყალი და პირის ღრუში გამოივლეთ.

გულყვითელა


(Calendula officinalis)
გულყვითელა, რომელსაც კალენდულასაც უწოდებენ, საფრანგეთის დედოფლის მარგარიტა ვალუას საყვარელი ყვავილი ყოფილა. პარიზში, ლუქსემბურგის ბაღში, დგას ქანდაკება, სადაც დედოფალს გულყვითელების თაიგული უჭირავს ხელში.
შუა საუკუნეების მცენარეთა ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ეწერა: საკმარისია, გულყვითელას ერთადერთი მზერა ესროლო, რომ უმალ კარგ გუნებაზე  დადგები და თვალისჩინიც დაგიბრუნდებაო.
გულყვითელას შუა საუკუნეებამდეც კარგად იცნობდნენ. ამ მცენარის სამკურნალო თვისებები პირველებმა ბერძნებმა დააფასეს. გულყვითელათი ისინი ჭრილობებს, ფურუნკულებს და სიმსივნეებსაც კი მკურნალობდნენ. რომის იმპერიის ეპოქაში ამ ყვავილს წვრილი თაღლითები იყენებდნენ: ხარისხიანი სუნელების ნაცვლად მუშტარს გულყვითელას დაფქულ ყვავილებსა და ფოთლებს სთავაზობდნენ. ერთი იმდროინდელი მეცნიერი კი წერდა, რომ თუ ორსული დაპრესილ გულყვითელას საშოში მოითავსებდა, მუცელი მოეშლებოდა.
ავიცენა გულყვითელას ნაყენით საჯდომი ნერვის ანთებას, მოწამვლას, გველის ნაკბენს მკურნალობდა, ახლადგამოწურულ წვენს კი ქალებს მენსტრუაციული ციკლის მოსაწესრიგებლად სთავაზობდა. სხვადასხვა ეპოქის ექიმები კალენდულას სხვადასხვა პრობლემის, მაგალითად, შეშუპების, კანის დაავადებების, შაკიკის, ინტოქსიკაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეებში მოღვაწე ფიტოთერაპევტებს მიაჩნდათ, რომ გულყვითელა მზის ენერეგიით იყო გაჯერებული. მას მზიან დღეს, შუადღისას კრეფდნენ, ქილებში აწყობდნენ, მზეზე ფენდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ წურავდნენ. ამ გზით მიღებული წვენი ეფექტურად აშუშებდა ჭრილობებს.
აშშ-ში გულყვითელას გამოყენება XIX საუკუნიდან დაიწყეს და დღემდე აქტიურად იყენებენ, თანაც არამხოლოდ სამკურნალოდ – ამერიკელები, ისევე როგორც ბრიტანელები, გულყვითელას წვნიან კერძებში, სალათებში ამატებენ, მისი ყვავილებით კი ხშირად სადღესასწაულო კერძებს რთავენ.
გულყვითელას ყვავილები მდიდარია ეთერზეთებით, საპონინებით, ლორწოვანი ნივთიერებით, კაროტინით, ლიკოპენით, ფლავონოიდებით, ორგანული მჟავებით, ალკალოიდებით. მცენარის ბალახოვანი ნაწილი და ფოთლები გაჯერებულია საპონინებით, მთრიმლავი ნივთიერებებით, ფესვებში კი  საპონინებია დაგროვილი. ყვავილებისგან დამზადებული ნაყენებსა და ნახარშებს ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს. დადგენილია, რომ კალენდულას შემცველი პრეპარატები დამამშვიდებელ, არტერიული წნევის დამწევ, გულის მუშაობის გამააქტიურებელ გავლენას ახდენს. ამ მცენარის ფიტოპრეპარატები გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს, ხშირად ინიშნება კლიმაქსური სინდრომის დროსაც, ყველაზე ფართოდ კი მაინც კანის, პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
გულყვითელასგან ნაყენები და ნახარშები შემდეგნაირად მზადდება:. აიღეთ 1 ს. კ. გამომშრალი ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი ივლეთ ანგინის, სტომატიტისა და გინგივიტის დროს.
. აიღეთ 1 ჩ. კ. ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ, შემდეგ გულდასმით გაფილტრეთ. ამ ნაყენში დასველებული საფენები თვალებზე დაიწყვეთ კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, ფურუნკულის დროს.
. სპირტხსნარის დასამზადებლად აიღეთ 25 გ გულყვითელას გამომშრალი ყვავილი, დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი ან არაყი, დააყენეთ 15 დღის განმავლობაში და გაფილტრეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ოღონდ დიდხანს. კალენდულას წვეთები აწესრიგებს ძილს, ამაღლებს შრომის უნარს. ამასთანავე, მარგებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს.

ბაბუაწვერა


(Taraxacum officinale Wigg)
ამ მცენარეს პაწიები მინდვრებში ეძებენ. მოწყვეტენ, სულს შეუბერავენ და ფრიიიი! მაგრამ ბაბუაწვერას მთავარი ღირსება ეს როდია. ამ მცენარით ჯერ კიდევ ავიცენა მკურნალობდა, ხოლო გაცილებით ადრე, ძველ რომში, მისი წვენით ჭორფლის მოცილებას ლამობდნენ.
დღეს ბაბუაწვერა მწვანე აფთიაქის საპატიო წევრია. სამკურნალოდ უმთავრესად მის ფესვს იყენებენ. თუ ფესვს გადატეხავთ, იქიდან რძისებრი სითხე  გამოჟონავს. ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ მასშია თავმოყრილი ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებებს ანიჭებს: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, A, B, C, E ვიტამინები, პროტეინები, პოლისაქარიდები.
ბაბუაწვერას ფესვის ნაყენი და ნახარში აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას, მადას, ახშირებს ნაწლავთა მოქმედებას (საზოგადოდ, ბაბუაწვერა კარგი საფაღარათო საშუალებაა). გარდა ამისა, ეფექტურია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების (მაგალითად, ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის), გასტრიტისა და კოლიტის დროს. ბაბუაწვერის ფესვების ნაყენის როგორც საფაღარათო საშუალების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუკი დიარეისკენ ხართ მიდრეკილი, ამ ნაყენის დალევას არ გირჩევთ. ბაბუაწვერას ფესვი გამოგადგებათ ანემიის, მეტისმეტი სიგამხდრის, ნიკრისის ქარის (პოდაგრის) დროსაც.
თუ ბაბუაწვერას შეგროვება განიზრახეთ, ასე მოიქეცით: ფესვები პატარა ნიჩბით ფრთხილად ამოთხარეთ, მოაჭერით ღერო და ფესურები, ცივი წყლით გარეცხეთ, დასერეთ, რამდენიმე დღით ჩრდილში დააწყვეთ და დაელოდეთ, ვიდრე რძისფერი სითხე მთლიანად გამოჟონავს, შემდეგ ისე გაშალეთ, რომ ერთმანეთზე არ ეწყოს და გამოსაშრობად ერთხანს კიდევ დატოვეთ. კარგად გამომშრალი ფესვი იოლად უნდა ტყდებოდეს. მზა ნედლეული ქაღალდის პაკეტსა და მინის ქილაში 5 წლის განმავლობაში ინახება.
ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და 8 საათის განმავლობაში დააყენეთ, შემდეგ 5-10 წუთით ცეცხლზე შედგით, გაფილტრეთ და ყლუპობით სვით დღის განმავლობაში.
მეტად სასარგებლოა ბაბუაწვერას “თაფლი”. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 გ ყვავილი, რომელსაც წინასწარ მოაცილებთ ყვავილსაჯდომს. გარეცხეთ, დაასხით 1,5 ლ მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში ჩაყარეთ და რამდენიმე დღე-ღამით დატოვეთ. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 2 ლიმონის წვენი (შეიძლება კუბებად დაჭრილი ლიმონის ჩაყრაც), 1,5 კგ შაქარი და ხარშეთ, ვიდრე არ შესქელდება. დროდადრო ურიეთ. ბაბუაწვერას თბილი სიროფი ჩაასხით ქილებში, დაახურეთ სარქველი და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. სტერილიზაცია საჭირო არ არის.

ყველაფერი ჰიგიენის შესახებ



მოდით, ჰიგიენაზე ვისაუბროთ
“არსებობს სისუფთავის სურნელი. იგი ბაღნარივით მწვანეა, ქორფაა, როგორც ახალშობილის კანი და ნაზია, როგორც აკვნესებული სალამური”.
ბოდლერი

“A Capillis usque ad ungues”
“თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე” – ამ დევიზით ხელმძღვანელობდნენ ევროპელი დენდები, რომლებმაც კაცობრიობას სისუფთავისა და კოპწიაობისადმი მეტისმეტი სწრაფვით დაამახსოვრეს თავი. სწორედ მათი ზეობის ჟამს, 200 წლის წინ, წარმოიშვა მოდური სიტყვები: ინგლისური “the Care” და გერმანული “die pflege”. მანამდე კი კაცობრიობამ სხეულის მოვლის შესახებ, შეიძლება ითქვას, არაფერი იცოდა, თუმცა მცდელობა ყოფილა. თუკი ვინმე პირადი ჰიგიენით (ტანის გამალებული ბანითა და პარსვით) იყო დაკავებული, მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური მოსაზრებით.
 მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ძველი ბერძნები სისუფთავის მოტრფიალეებად წარმოეჩინათ, ისტორიკოსებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ამჟამად ჰიგიენის ისტორიის ფუძემდებლებად რომაელები ითვლებიან (მათგან განსხვავებით, ბერძნები ნამდვილი ფეთხუმები ბრძანდებოდნენ), ხოლო თავად რომის იმპერია – სისუფთავის სამოთხედ. სწორედ აქ დამკვიდრდა პირველად ტანის ყოველდღიური ბანისა თუ ჰიგიენური ტამპონების გამოყენების ტრადიცია. მართალია, ეს უკანასკნელნი მეტად პრიმიტიული იყო (უხეშად დამუშავებული შალისგან მზადდებოდა), მაგრამ თავის კეთილშობილ ფუნქციას ნამდვილად ასრულებდა. რომის იმპერიაშივე ჩაეყარა საფუძველი საპნის დამზადებასა და გამოყენებას. ყველაფერი კარგად (და რაც მთავარია, სუფთად) იქნებოდა, რომ არა იმპერიის დაცემა.
პრანჭია ევროპელებს პირადი ჰიგიენის საკითხები ლამის XX საუკუნემდე არ აწუხებდათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ვარაუდობს, რომ სუნამოს შექმნის იდეა სწორედ ჭუჭყის სუნის შენიღბვის აუცილებლობამ შვა. XV საუკუნის საფრანგეთში თურმე წელიწადში ორ-სამჯერ იბანდნენ ტანს, რის შემდეგაც ერთი კვირა საწოლიდან ცხვირს არ ყოფდნენ, ესოდენ საპასუხისმგებლო “წმენდის პროცედურის” შემდეგ ავად არ გავხდეთო. XIX საუკუნის ექიმები კი ირწმუნებოდნენ, ხშირი თავის ტკივილი სწორედ დაბანის ბრალიაო.
ჯანმრთელად და, რაც მთავარია, მოდის მიმდევრად ის ითვლებოდა, ვისაც თმა ცხიმისგან უპრიალებდა, თავგადაკლული კოხტაპრუწები კი იმასაც კადრულობდნენ, რომ თმაში ცხიმს  იზელდნენ და ზედ სახამებელს იყრიდნენ – დახეთ, რა მოდური ვარცხნილობა გვაქვსო.
უსუფთაობის სუნით იყო გაჟღენთილი ევროპა XIX საუკუნემდე. დიდებულები  სიბინძურის შესანიღბად სხვადასხვაგვარ ნელსურნელებას იყენებდნენ. ლუდოვიკო XV-ს სასახლეს ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები, “პარფიუმირებული” შეარქვეს. მიუხედავად უსუფთაობის მოდისა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც დაბანა ყველაფერს ერჩივნა. ასეთი გახლდათ მადამ დე პომპადური, რომელიც სუნამოს ახლოსაც არ იკარებდა, რომ სისუფთავის ბუნებრივი სურნელი არ დაეჩრდილა.
XIX საუკუნის მიწურულს, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც სამედიცინო კვლევების ბუმი დაიწყო, ადამიანები ჭუჭყმა შეაწუხა. მედიკოსებმა ერთხმად განაცხადეს, ყველა დაავადების თავიდათავი ადამიანის ორგანიზმში (და -ზე) მობინადრე უხილავი მიკროორგანიზმებიაო. სწორედ მათ მოსაშორებლად შეიყვარა საზოგადოებამ წყალი. დაიწყეს ეკლესიის ეზოების, შადრევნების დეზინფექცია...
ვიდრე ექიმები კბილების მოვლისა და სხეულის გაწმენდის შესახებ სპეციალურ ბუკლეტებს გამოსცემდნენ (როგორც ჩანს, ეს იყო ამჟამად სამედიცინო წრეებში მეტად პოპულარული გაიდლაინების პირველყოფილი ვერსია), რამდენიმე ათწლეულით ადრე ევროპაში დენდები გამოჩნდნენ. ისინი იყვნენ პირველი დაბანილი მამაკაცები, მოდის ფრანგი და ბრიტანელი კანონმდებლები, პირველი მამრები, რომლებმაც პარიკი (ჭუჭყისა და ტილების ბუდედ ქცეული ხელოვნური თმა) ერთხელ და სამუდამოდ მოიძრეს.
XX საუკუნის დასაწყისში ჰიგიენა ცხოვრების პრიორიტეტად იქცა. აიგო საშხაპეები, რომელთა აპრობაცია პირველად საფრანგეთის არმიასა და ციხეებში (!) მოახდინეს.
საყოველთაო ხეხვა-წმენდამ ახალ-ახალი მეთოდებისა და საშუალებების დანერგვა მოითხოვა. შეიქმნა ანტიბაქტერიული საპნები, შამპუნები და, რამაც ყველაზე დიდი ქალური რეზონანსი გამოიწვია, ჰიგიენური საფენები და ტამპონები. გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ქირურგმა ერლ ჰაასმა გამოიგონა ინტრავაგინალური ტამპონი “Tampax”, რომლის სახელწოდებაც ინგლისური სიტყვების “tampon”-ისა და “pack”-ის აბრევიატურას წარმოადგენს. სწორედ ამ პერიოდში წარმოიშვა ინტიმური ჰიგიენის ნორმების დანერგვის აუცილებლობა. როდესაც მოთხოვნა ყალიბდება და საჭიროება ჩნდება, იქმნება მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებანი. ეს არა მარტო ეკონომიკის, არამედ ჰიგიენის კანონიც არის, ამიტომ არც ის გახლავთ გასაკვირი, რომ ინტიმური ჰიგიენის საშუალებანი დღეს ასე მრავლადაა.

ყველაფერი მარტივადაა

ქალის ორგანიზმი რომ უნიკალურია, ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ახალ სიცოცხლეს აძლევს დასაბამს. უნიკალურობა იმითაც გამოიხატება, რომ მცირედი დისკომფორტიც კი საკმარისია, რათა ორგანიზმში ბალანსი დაირღვეს და პათოლოგიური პროცესები განვითარდეს. დისკომფორტის მიზეზს კი რა დალევს: სტრესები, არაბალანსირებული კვება... კომფორტის განცდა რომ გაუჩნდეს,  ჭეშმარიტ ქალს მოვლილი სხეული და აბრეშუმივით თმა უნდა ჰქონდეს, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მარტო ეგ როდი კმარაო?! არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტიმური ჰიგიენაც, რომლის დაცვაც, სისუფთავის შეგრძნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქალს თვითდაჯერებას მატებს.
ინტიმურ ჰიგიენაზე ზრუნვა ქალებმა, როგორც უკვე მოგახსენეთ, გასული საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყეს. მართალია, ცოტა დააგვიანეს, მაგრამ  ერთიორად აინაზღაურეს დანაკლისი და დღეს სხეულს ათასგვარი საშუალებით ინებივრებენ.
ინტიმური სფეროს მოვლა მნიშვნელოვანია არა მარტო სისუფთავის შეგრძნების თვალსაზრისით, არამედ ჯანმრთელობისთვისაც და აი, რატომ: საშო დასახლებულია ბაქტერიებით, რომლებიც არამცთუ მავნე არ გახლავთ, არამედ დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს ორგანიზმში შეჭრისთანავე ბრძოლაში იწვევენ და როგორც წესი, ამარცხებენ კიდევაც. ამდენად, ქალბატონები ჯანმრთელობას გარკვეულწილად საშოს ბაქტერიებსაც უნდა უმადლოდნენ და მათზე ზრუნავდნენ.
საშოში დასახლებული “სასარგებლო” ბაქტერიები (უმთავრესად – ლაქტობაქტერიები) გამოყოფენ ნივთიერებას, რომელიც საშოში ნორმალურ მჟავატუტოვან წონასწორობას ინარჩუნებს – მნიშვნელობა 3,8-დან 4,4-მდე უნდა მერყეობდეს.
საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ჩვეულებრივი საპნის ხშირი გამოყენება და ა.შ. ვაგინალური ფლორის ბალანსი რომ არ დაირღვეს, ქალმა შეძლებისდაგვარად უნდა იზრუნოს ამაზე: თავი დაიცვას ინფექციებისგან, გამოიყენოს სპეციალური ინტიმური საპონი, რომელიც PH-ს მხოლოდ სათანადო დონეზე კი არ შეუნარჩუნებს, არამედ დისბალანსსაც გამოასწორებს. სწორედ ამისთვის გახლავთ შექმნილი ქალის ინტიმური ჰიგიენის საშუალებანი, რომელთა შემადგენლობა მშვენიერ სქესს საშუალებას აძლევს, სამუდამოდ გამოემშვიდობოს დისკომფორტს.
ინტიმური მოვლის საშუალებანი, მართალია, მრავლადაა, მაგრამ ყველა როდი გამოგვადგება; როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასაკის კვალობაზე ქალის ვაგინალური მიკროფლორა იცვლება: თუკი რეპროდუქციული ასაკის ქალს საშოს  PH 4,5 აქვს (ანუ მჟავე რეაქციას ავლენს), მენოპაუზის დროს წონასწორობა ტუტე რეაქციისკენ იხრება. ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სხვადასხვა ასაკის ქალბატონს ინტიმური მოვლის სხვადასხვა ტიპის საშუალება სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს სიტუაციები (მაგალითად, მაღალი რისკის ადგილებში: აუზში, პლაჟზე და სავარჯიშო დარბაზში), როცა უფრო ძლიერი დაცვაა საჭირო. ამდენად, გირჩევთ შეიძინოთ ინტიმური ჰიგიენის მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალება, რომელიც ნებისმიერ ვითარებასა და ასაკში დაგიცავთ ინტიმური დისკომფორტისგან. სწორედ ასეთი გახლავთ ინტიმური მოვლის საშუალებათა მარკა Saugella. ის რამდენიმე ალტერნატიულ საშუალებას გთავაზობთ, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციისთვის, ასაკისა და თქვენ წარმოიდგინეთ, სქესისთვის არის განკუთვნილი.

რა უნდა ვიცოდეთ
ჰიგიენის ნორმებზე გარკვეული წარმოდგენა ფაქტობრივად ბავშვობიდანვე გვექმნება. და მაინც, ურიგო არ იქნებ, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ინტიმ-ჰიგიენის ნორმებს.
. ერიდეთ გარეთა სასქესო ორგანოების ჩვეულებრივი საპნით დაბანას.
. არამც და არამც არ გაიჩეროთ ტანზე სველი საცურაო კოსტიუმი. ნესტში პათოგენური მიკროორგანიზმები იოლად მრავლდებიან.
. ჰიგიენური შხაპის მიღება დღეში ორჯერ არის სასურველი, ამასთანავე, არა ცხელი ან ცივი, არამედ თბილი წყლით.
. გარეთა სასქესო ორგანოების დაბანისას ღრუბლისა და ნეჭის გამოყენება რეკომენდებული არ გახლავთ. მათ შეიძლება მგრძნობიარე ლორწოვანი გარსი გააღიზიანონ.
. თვალი ადევნეთ, რომ თქვენი პირსახოცით ოჯახის სხვა წევრმა არ ისარგებლოს.
. ჰიგიენური საფენი ხშირად გამოიცვალეთ: დღეში სულ მცირე, 4-5-ჯერ. თუკი ვაგინალურ ტამპონებს იყენებთ, დაიხსომეთ, რომ მათი გამოცვლა ყოველ 2-3 საათში არის რეკომენდებული.
. ერიდეთ ხელოვნური მასალის საცვლებს. უპირატესობა ბამბის თეთრეულს მიანიჭეთ.
. სასურველი არც ტანზე მჭიდროდ შემოტმასნილი შარვლის ტარება გახლავთ.